Search

Fleur Alvi

გაუცხოვება

ზოგჯერ.. იშვიათად მაგრამ მაინც, მგონია რომ გაუცხოვებას ის სიახლოვე იწვევს ადამიანთა შორის, რომელიც ერთმანეთზე დამოკიდებულებამდე მიდის.. ეს არასწორი სიყვარულია.. თუ სიყვარულს მივაწერთ……

ხალხით სავსე დარბაზში ვერ ვიგრძენი მისი ყოფნა.. მისით მოცული აღარ იყო გარემო…  დანახვას ემოცია არ მოჰყოლია… “მივიდე, არ მივიდე”  ფიქრი… არმისვლას ისევ მისვლა ვამჯობინე წლების შემდეგ… არაფერი…. ფორმალური ჩახუტება.. ისევ არაფერი… ჩემს წინ იდგა  მატერია.. ჩემთვის არავინ!. უცხოსთან მეტის მოლოდინი გაქვს, უცხოსთან სასაუბროს იპოვნი.. გაუცხოვებულთან ვერა!…

ვიდექით ერთმანეთის პირისპირ.. არ ვიცოდით რა უნდა გვექნა…

იქნებ არმისვლა ჯობდა.. გულიც არ გვტკენია…

როგორც არ უნდა მოეჭიდო წარსულს, როგორც არ უნდა იმეორო წარსული საზეპიროები ის გავლილია… ის უნდა გაგევლო… და როცა მასთან შეხება ტანში ჟრუანტელს არ გგვრის უნდა გაუმხილო საკუთარ თავს, რომ დასრულდა…. აღარც მოლოდინები,  აღარც შეცვლა და იმედები.. ის დასრულდა და სხვა დასაწყისი აუცილებლად იქნება 🙂

ENNIO არენა 2002

knk.png

22 აპრილი..

ვღელავდი.. თუმც ვიცოდი ვერ ჩავიხუტებდი…

მის მიმართ ყოველთვის მზრუნველობითი დამოკიდებულება მქონდა.. აი, ისეთი შვილს რომ ზრდი და მერე საკუთარი ცხოვრება გავიწყდება… მასზე ერთვები.. იმ ფერებს იყვარებ რაც მას უყვარს.. იმ მუსიკას უსმენ… იმ ფილმებს უყურებ.. წიგნებს კითხულობ…. ათვალიერებ ფოტოებს და ცდილობ მის ადგილას წარმოიდგინო თავი.. ცდილობ მასში საკუთარი თავი იპოვო.. ვერ პოულობ.. შენ სხვა ხარ.. აბსოლუტურად განსხვავებული და შენს განსხვავებებს თმობ… თმობ და სწორედ აქ კარგავ… როცა შენ შენ არ ხარ და ის ხდები.. მას კი უნდა რომ სხვა იყო.. ისეთი როგორიც ხარ…

ავიღე ბილეთი და წავედი…

გული ამოვარდნას მქონდა…

მეგონა ჩემს სულს დაინახავდა.. ფიზიკურ სიშიშვლეზე მეტად უხერხულს…

დავჯექი… თითქმის სცენის შუაში… მე-3 რიგში… იქვე…

მერე ტაში იყო.. გამოსვლა…

შევხედე… იმის ცოდნა, რომ სცენიდან არაფერი ჩანს და ყველას ჰგონია, რომ მას უყურებენ სცენაზე მდგომები არ მანაღვლებდა.. ზუსტად ვიცოდი, რომ მიყურებდა… ზუსტად ვიცოდი, რომ მისი ოდნავ აღელვებული ხმა ჩემი იქ ყოფნით იყო გამოწვეული…

მერე ისევ ტაში.. და ფარდის დაშვება….

მშვიდი ღელვით დავბრუნდი სახლში… ფეხით… უნდა გადამეხარშა…

სახლში აღმოვაჩინე, რომ ტელეფონით რამდენიმე გამოსვლა ჩამიწერია..  არ მინახავს ის ჩანაწერები… დღემდე ვერ ვუბრუნდები წარსულს… მაშინ საუთარი თავი დავკარგე…

როცა ადამიანს საკუთარ თავზე კარგად გაიცნობ, მას კარგავ…

ფსკერზე ფეხის დაუდგმელობის შიში..

როცა მითხრა, მეც ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი, დავალაგებ ინფორმაციას და გეტყვიო მივხვდი, რომ დამშვიდობების დრო იყო..
მთელ ცხოვრებას არ ჩაუვლია თვალწინ.. სიკვდილის წინ რომ იცისხოლმე კადრებად ჩარბენა.. (უკანმობრუნებულების მონათხრობიდან)..
მიზეზი, ალბათ დღემდე მოტანილი ურთიერთობა იყო და გადავრჩი!.. მე.. როგორც გოგო და ისიც, როგორც ბიჭი!..
გადავრჩით ჩვენი გრძნობებით.. დღემდე..
რა მნიშვნელობა აქვს რა არის ბევრი ამ გრძნობაში… მეტი გრძნობა და ნაკლები სიყვარული?!…
მე ის ვერ დავკარგე!..
იცით რას გავდა?!
ცურვის შიში, რომ გაქვს.. ფრკერზე ფეხის შეუხებლობის შიში..
და ერთ დღესაც, რომ მოიკრებ წლების დაგროვებულ სიმამაცეს, მოისვრი მშველელ კამერას და ღამე.. ვარკვლავებით სავსე ცის ქვეშ ჭიქაში წყალ ჩამდგარი წყალივით მდორე ზღვაში შეცურავ!…
ცურავ მიზანმიმართულად, კონკრეტულ წერტილამდე!! მიხვალ!! “დაასტუკებ” და წამოხვალ! ისევ სწორხაზოვნად, აღელვების გარეშე და აუცილებლად სანაპირომდე!!!! შენ ის გადალახე, შენ ის შეძელი…
სანაპიროზე დაბრუნებული კი თბილ ტანსაცმელს ჩაიცვამ… და უკვე სხვა დროს ზღვაზე გაშიშვლების მოგერიდება…
როდემდე გაგრძელდება არ იცი…
რჩები მარტო..
საკუთარ თავთან…
ემოციების გამზიარებელს ვერ პოულობ… ძნელია ადამიანებში ფსკერზე ფეხის დაუდგმელობის შიში ეძებო და არც კითხულობ…
ირგებ უკვე ახალ, შიშგადალახული ქალის ნიღაბს, რომელმაც შიში გადალახა უფრო ძლიერი შიშის ჩამოყალიბების ხარჯზე.. და მყარად სიარულს აგრძელებ მიწაზე…

მე, როგორც მყინვარი..

11

მერე მეგონა, თუ მთაში ხშირად ვივლიდი ჩემი სული გაიწმინდებოდა იმ ცოდვებისგან, რომელიც ფიზიკურად არ ჩამიდენია… სამაგიეროდ გონებაში სისხლის ბოლო წვეთის გამოსვლამდე დავლოდებივარ ადამიანს.. ან გაზის კამერაში გამიგუდია.. ან სულაც უფრო მსუბუქი ვნებები…
მთა განწმენდა მეგონა!..
ვფიქრობდი ჟანგბადის ნაკლებობა, რომელიც სიმაღლეზე ასვლის დროსაა და წნევის ცვალებადობა ჩემი ცოდვების კომპენსირებას მოახდენდა.. თუმცა ყოველი წნევის გაზომვა მიდასტურებდა, რომ ეს გამოსყიდვა მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო და რეალურად ასეთი არაფერი არსებობდა….
ამის შემდეგ შევიყვარე მთა უკვე ისეთი, როგორიც იყო!..
ვიგრძენი, რომ ღმერთი წვერებიანი ბიძია არ არის და მონანიება საკუთარ თავთან უნდა მესწავლა…. ვერც ჩამოწერილი ცოდვების ვინმეს მიერ წაკითხვა მომიტანდა სიმსუბუქეს.. და ვერც მთაში კომფორტული მანქანით ასვლა…
დავიწყე მთის შეყვარება.. საკუთარი თავივით.. იმ საერთო თვისებებით რაც მე და მთას გვქონდა…
ადრე საკუთარი თავიც კი არ მიყვარდა… მერე წარმოვიდგენდი, რომ ხევის პატარძალი ვიყავი.. ხან მხრებ გაშლილი ვიყავი, თავდაჯერებული და ყველას ჩემსკენ ვახედებდი, ხანაც მასავით გავეხვეოდი ღრუბელში და ყველას ვემალებოდი… ყველამ იცოდა სად ვიყავი, მაგრამ არ ვჩანდი!…
ადამიანები მლაშქრავდნენ!.. ჩემი სიდიადით ტკბებოდნენ!.. მოილტვოდნენ… დაიკმაყოფილებდნენ საკუთარ თავში აღმოჩენილ წადილს და მიდიოდნენ… მიდიოდნენ უკვე საკუთარ თავში დარწმუნებულები, გაბედულები, თავდაჯერებულები, ამაყები და ბედნიერები… და მეც მყინვარივით ვიდექი და ვუყურებდი!!! ვუყურებდი გაშიშვლებული.. როცა თოვლიც ვეღარ მფარავდა… თუ წვიმა იყო და ნისლი მიხაროდა… ამ დროს ცრემლების დაფარვა შემეძლო … და ბარში დაბრუნებულები სიამაყით ამოიხედებოდნენ.. გაიფიქრებდნენ “მე ის დავიპყარიო” და ხევის დედოფალიც იდგა უძრავად და ამ სიამაყის ბოლომდე განცდაში ეხმარებოდა…
მერე ღამდებოდა…და ცაზე ვარკვლავები ჩნდებოდბენ იმედად…

მთა ციდან იწყება

ნისლში სიარული იმ კიბის ბოლოს გავს, რომელიც არ ჩანს და ამის მიუხედავად მაინც რომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი..

როდესაც მიდიხარ..  მანქანის “ცხვირთან” მთავრდება ხილვადობა.. მაგრამ გზას აგრძელებ… მარჯვნივ თოვლის ჯებირია.. ალბათ მარცხნივაც.. არ ჩანს!.. და სულაც არ იგრძნობა გარდამტეხი უღელტეხილის გავლის დროს შიში..

ისე ადიხარ ზევით და ზევით ვერ გრძნობ.. მთამსვლელივით.. ნაბიჯ-ნაბიჯ და რომ მოიხედები მერე იაზრებ სიმაღლის სიმაღლეს..

ასე იყო პირველად რომ ლაშქრობაზე წავედი… გუდამაყრიდან გადავედით ჩარგალში!. მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა ზღაპრებში დაწერილი ცხრა მთის გადავლა… ეს იყო ყველაზე საშინელი, დაუვიწყარი ლაშქრობა…  ვერ ვივიწყებ იმ განცდებს!… როცა ისე ჩამოდიხარ მთიდან შუაღამისას, რომ აღარ განაღვლებს ხევში გადაჩეხვა.. დათვების ნაკვალევზე სიარული და მგლების ხროვა… მიდიხარ იმ იმედით, რომ სადღაც ნასახლარი იქნება!…

გამოჩნდა….

ასევეა ნისლიც… მიდიხარ, მიდიხარ… დრო თითქოს ჩერდება… ვერ შევძელი საათისთვის შემეხედა.. ან კილომეტრები გამეზომა… მეგონა გაჩერებული ვიყავი და ესკალატორივით რაღაცას მივყავდი…

მერე ცა გამოჩნდა! ულურჯესი!.. კამკამა…. აქა-იქ ყავის თეთრი არომატებით… იმ ყავის ცნობილ რეკლამაში რომაა… და მოვეშვი!.. მივხვდი, რომ ყველაფერმა გადაიარა!.. კუნთების განთავისუფლება ვიგრძენი და მერეღა მივხვდი, როგორი დაჭიმული ვყოფილვარ!…

მერე საოცარი მთები დაიწყო… უკვე მშრალი გზა და მთებზე მიმოფენილი თოვლი..

უშიშრად ცურვა

606af873c84d2c620d2ff49cb4be5c73

ცურვის შიში შხაპის ქვეშ დავძლიე…

თავიდან განწმენდა მეგონა, როცა შხაპის ქვეშ სიმსუბუქე ვიგრძენი.. თვალებდახუჭულმა.. მოგვიანებით მივხვდი, რომ ზურგზე ვიწექი და ვცურავდი!…. უცებ თვალი გავახილე, ქვემოთ დავიხედე.. დავრწმუნდი, რომ მეტლახზე ვიდექი მყარად… არ ჰგავდა ოკეანის ფსკერს…  რომლის ყურება მხოლოდ ფილმებში შემეძლო….. ისიც მხოლოდ შუადღით…

მეტლახზე დგომამ გამათამამა… დაცულად ვგრძნობდი თავს და უკვე შემეძლო მხოლოდ ზურგზე არ მეცურა…  მივსულიყავი იმ  წითელ ბუშტამდე მთელი ბავშვობა, რომ მიუღწევლად მიმაჩნდა.. მაგრამ ვერასოდეს ვბედავდი…. ფსკერი არ მყოფნიდა…..

თვალები დავხუჭე.. თმაზე ქაფებს ვიშორებდი ხელების ნაზი მოძრაობით და ვგრძნობდი რა შორს ვიყავი, რა შორს ვიყავი სანაპიროდან.. სადაც ჩემი თმის ქაფები ტალღებად ჩნდებოდა….. მერე უკვე არ ჩანდა……

მივედი…  გაუჩერებლად დავბრუნდი წითელი ბუშტიდან ნაპირზე.. და კიდევ უფრო გართულება ვცადე……  დავისვენე რამდენიმე წუთი… თმის ღრიჭინის ხმა უკვე ოკეანის მიმოქცევად მესმოდა და შხაპის გარშემო თეთრი პლასტმასებით დამაგრებული ფარდა შევარხიე…. შევარხიე და თვალები დავხუჭე…..  ფარდის ღელვაში მივცურავდი, ცალი ხელით ღელვას ვაძლიერებდი, მეორე ხელით ვცურავდი…  თეთრი პლასტმასები თოლიებად გადაიქცნენ.. ღელვა შეწყდა და მთლიანად გადავეშვით წყნარ ოკეანეში….. 7 წუთი ასე ვცურავდით… 7 წუთი ვამაყობდი საკუთარი გამბედაობით, შიშის დაძლევით…..   ჩამოცვენილი თმები სხეულზე მედუზებად  მომედო და შეშინებულს “გამომეღვიძა”….

საპონი კარგად გავიცალე და გადავწყვიტე სხვა დროს აბაზანაში სპეც-ტანსაცმლით შევსულიყავი……

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑